1957 წლის 4 ოქტომბერს, საბჭოთა კავშირმა დედამიწის ორბიტაზე სპუტნიკ 1 გაუშვა, რომელიც პირველი ხელოვნური თანამგზავრი იყო და პირველი ობიექტი, რომელიც ადამიანმა კოსმოსში გაუშვა.
ეს კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო. აღსანიშნავია, რომ ხელოვნური თანამგზავრების პოტენციალზე მეცნიერები Sputnik 1-ის გაშვებამდეც საუბრობდნენ. მაგალითად, 1946 წელს, ამერიკელმა ასტროფიზიკოსმა, ლაიმან სპიტზერმა ივარაუდა, რომ ორბიტაზე კოსმოსური ტელესკოპის განთავსება ასტრონომიას ძალიან დაეხმარებოდა.
1957 წლის 3 ნოემბერს, საბჭოთა კავშირმა სპუტნიკ 2-ით პირველი ცოცხალი ორგანიზმი — ძაღლი სახელად ლაიკა დედამიწის ორბიტაზე გაგზავნა. ამ ორმა მოვლენამ აშშ-ს და სსრკ-ს შორის "კოსმოსურ რბოლას" დაუდო საფუძველი.
სახელმწიფოებს შორის არსებულმა კონკურენციამ ორივე ქვეყანას კოსმოსური ტექნოლოგიების მასშტაბური განვითარებისკენ უბიძგა. Explorer 1 პირველი ამერიკული ხელოვნური თანამგზავრი გახდა, რომელმაც ორბიტას 1958 წლის 31 იანვარს მიაღწია.
დღეს თანამგზავრები მეცნიერებს დედამიწისა და კოსმოსის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიან, სანავიგაციო თანამგზავრები კი თანამედროვე ცხოვრებაში კოლოსალურ როლს თამაშობენ.
